Skip to content

კრიშნას ცნობიერება

პრაბჰუპადა
გურუ შრიალა ბჰაქტისიდდჰანტა სარასვატი გოსვამი მაჰარაჯა პრაბჰუპადა
კრიშნას ცნობიერება

/ავტორი ნუგზარ პაპუაშვილი/

XX ს-ის 60-იან წლებში ამერიკისა და ევროპის მრავალ ქვეყანაში გავრცელდა რელიგიურ – თეოსოფიური სისტემა, რომლის მიმდევარნი კრიშნაიტებად ან ვაიშნავებად იწოდებიან. მათი კონფესიის ისტორია ასეთია.

ინდოეთში გურუმ მოწაფეს, პროფესიით ქარხნის მენეჯერს, უთხრა: წადი ამერიკაში და იქ ინდუსთა ღმერთის – კრიშნას – მოძღვრება, კონკრეტულად, -უფალ ჩაიტანიას ეპისტოლე გაავრცელეო. დავალება შესრულდა.

გურუ შრიალა ბჰაქტისიდდჰანტა სარასვატი გოსვამი მაჰარაჯა პრაბჰუპადა იყო, შემოკლებით სარასვატი გოსვამი, ინდოეთში ცნობილი მეცნიერი და მრავალი ვედური ინსტიტუტის დამაარსებელი. მოწაფე – ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების შემქმნელი – აჩარია.

სვამი პრაბჰუპადა დაიბადა კალკუტაში 1896 წელს. დაამთავრა ადგილობრივი უნივერსიტეტი, 1922 წელს გახდა ხსენებული გურუს მოწაფე და 1933 წელს ქ. ალაჰაბადში ინიცირებულ (ხელდასხმულ) იქნა ბრაჰმანად. გურუ „კრიშნას ცნობიერებაზე“ უამბობდა, პრაბჰუპდა ბეჯითად შრომობდა და დაწერა „ბჰაგავადგიტას“ კომენტარები. 1950 წელს მან თავი დაანება სამენეჯერო საქმიანობას, მიატოვა ცოლი, ხუთი შვილი და განეშორა ყოველ დღიურობას, რათა რელიგიური რუდუნებისათვის შეეწირა სიცოცხლე. დასახლდა წმიდა ქალაქ ვრინდავანში. ეწეოდა სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობას. 1965 წელს ჩავიდა ამერიკაში. იქ მან, ინდოელი წმინდანის სამოსელში გამოწყობილმა, ყოველგვარ მატერიალურ სახსარს მოკლებულმა, დაიწნო კრიშნას მოძღვრების ქადაგება.

იმედგაცრუებული, საპყარი და ნარკომანი ხილხის დიდმა ნაწილმა მას მოუსმინა. მათ 1966 წლის ივნისში „კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება“ დააარსეს, რომელმაც სამოღვაწეო ველი მსოფლიო მასშტაბით გააფართოვა.

პრაბჰუპადამ 12 წლის განმავლობაში 14-ჯერ შემოუარა მსოფლიოს. ქადაგებდა და ლექციებს კითხულობდა. იყო მოსკოვშიც, სადაც შეიძინა თანამოაზრეთა ჯგუფი. მათ 1978-80 წწ-ში ორგანიზაციები ჩამოაყალიბეს მოსკოვში, პეტერბურგში, კიევში, ტალინში, ერევანში, თბილისსა და სოხუმში. თაოსნობის ინიციატორები – რიცხვით 50 – საბჭოთა კანონმდებლობით გაასამართლეს და დასაჯეს. დევნა პერესტროიკამდე გაგრძელდა.

„კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება“ დაარსების დღიდანვე ამერიკასა და ევროპაში ინტენსიურ მუშაობას შეუდგა. დააარსა ასობით ტაძარი, აშრამი და სკოლა. მათ შორისაა აღნიშნული საზოგადოების თბილისის ფილიალი – ვედური კულტურის ცენტრი, რომელიც 1986 წელს შეიქმნა (რეგისტრირებულია 1992 წლიდან). მას აქვს აშრამი (კელიები) ერთგულთათვის და ტაძარი – ძირითადი ღვთისმსახურებისათვის. ანალოგიური ცენტრები მოქმედებს სოხუმში, ქუთაისსა და ბათუმში. ქართველი კრიშნაიტები, რელიგიურ და საგამომცემლო-ლიტერატურულ საქმიანობასთან ერთად, ეწევიან ქველმოქმედებას: ხსნიან უფასო სასადილოებს. აფხაზ სეპარატისტებთან ომის დროს გაჭირვებულთათვის საკვები მიჰქონდათ.

,,კრიშნას ცნობიერებას მინდობილნი“, აშრამის მკვიდრნი, განსაკუთრებული რეჟიმით ცხოვრობენ:

დილის 4.30-ზე იწყება მსახურება – მანგალა არატი (ცისკრის თაყვანისცემა), „ჰარე კრიშნა – მაჰამანტრას“ ინდივიდუალურად კრიალოსანზე განმეორება (ჯაპა მედიტაცია), რასაც მოსდევს ღვთაებათა მისალმება, დიდი სულიერი მოძღვრის – შრიალა (სვამი) პრაბჰუპადას – გახსენება და ლექცია. ესაა მათი წმიდა წერილის – „შრიმად-ბჰაგავატამის“ -კითხვა – კომენტირება, ე.ი. შტუდირება. შემდეგ მიირთმევენ პრასადს (წყალობას) ანუ უფალ კრიშნასადმი შეთავაზებულ საჭმელს. ეწევიან ვეგეტერიანულ ცხოვრებას, მაგრამ ჩაი, ყავა, ალკოჰოლი, თამბაქო აკრძალულია. დაგმობილია აზარტული თამაშობები. დაწესებულია სქესობრივი ცხოვრების მკაცრი რეგლამენტი. ატარებენ სპეციალურ სამოსელს. შუბლზე თიხის ხსნარისაგან დასმული აქვთ ნიშანი. იპარსავენ თმას (გარდა კოწოლისა). დააქვთ პატარა ნაჭრის აბგები.

„კრიშნას ცნობიერება“ დაფუძნებულია ვედურ ლიტერატურაზე, ძირითადად კი – „ბჰაგავატგიტაზე“. სვამი პრაბჰუპადას თქმით, რადგან ,,არ არსებობს განსხვავება კრიშნასა და მის სიტყვებს შორის, „ბჰაგავატგიტა“ ისეთივე თაყვანისცემას იმსახურებს, როგორსაც თავად უფალი კრიშნა, რამეთუ ორივე აბსოლუტურია”. გვმართებს, გავიხსენოთ, რომ კრიშნა, ძველინდური ტრადიციით, ვიშნუს ხორცშესხმა და გარდასახვაა. აქედან დასკვნა: კრიშნა და ვიშნუ ერთი და იგივეა, – ერთი ღმერთის ორი სახელი. ამიტომ მისი თაყვანისმცემლები კრიშნაიტებადაც იწოდებიან და ვაიშნავებადაც.

მიუხედავად იმისა, რომ კრიშნაიტების მოძღვრება ვედანტას ეყრდნობა, თვითშეგნებით იგი დამოუკიდებელი კონფესიაა. მის დამაარსებლად ითვლება ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ, უზენაესი უფლის კრიშნას ინკარნაცია, ე.ი. უფალი ჩაიტანია, რომელიც, კრიშნას ცნობიერების თანახმად, იგივე უფალი კრიშნაა. იგი XV ს-ში ცხოვრობდა, ქადაგებდა ბენგალიაში. მას ლიტერატურული მემკვიდრეობა არ დაუტოვებია, მაგრამ უფლებამოსილებით აღჭურვა მოწაფეები, ჩაეწერათ სიტყვიერად ჩამოყალიბებული მოძღვრება. ასე გაფორმდა რელიგიური სისტემა, რასაც ახალ ეპოქაში მსოფლიო მასშტაბი შრილა პრაბჰუპადამ შესძინა. ჩაიტანია-პრაბჰუპადას მიმდევრებს სწამთ:

კრიშნა უზენაესი პიროვნებაა; თავდაპირველი უფალი, მიზეზთა მიზეზი. ყველაფერი მას ეკუთვნის და ემორჩილება; ყველა ნახევარღმერთი: ბრაჰმა, შივა, ჩანდრა, ვარუნა და სხვ. მისი მსახურები არიან. კრიშნას ჰყავს ურიცხვი პირადი ექსპანსია, რომლებიც არ განსხვავდებიან მისგან. ესენია: ვიშნუ, ნარაიანა, დამოდარა, ვამანა და სხვ. კრიშნა ყოველი ცოცხალი არსების გულში იმყოფება ზესულის სახით. მისი ცნობიერება თვლემს ნებისმიერი ადამიანის გულისა და გონების წიაღში. კაცის მიზანია მოიძიოს, გამოაფხიზლოს და ააღორძინოს ეს ცნობიერება. კრიშნა მატერიალური სამყაროს მიღმა, სულიერ სამყაროში, პლანეტა ვრიშნალოკაზე იმყოფება, მაგრამ ენერგიებით ყველგანაა. ცოცხალი არსებები მისი მარადიული მსახურები არიან, მაგრამ მასთან სხვადასხვა სახის ურთიერთობა აკავშირებთ: შეიძლება იყვნენ ნეიტრალურნი, შეიძლება – მსახურები, მეგობრები, ან შეიძლება მასთან მშობლის ან სატრფოს დამოკიდებულება იქონიონ. სიყვარული იმასაც კი ავიწყებინებს მათ, რომ კრიშნა ღმერთია. თავი რომ დავაღწიოთ სამსარას ანუ სიკვდილ – სიცოცხლის ბორბალს და სულიერ სამყაროში დავბრუნდეთ, უნდა მივენდოთ კრიშნას, გავხდეთ მისი მსახური. მაშინ მატერიალური ენერგია, გნებავთ, – კარმის კანონი, ვეღარ მოახდენს სამსარაზე გავლენას და აღარ მოგვიწევს წუთისოფელში შემოსვლა. ეს იდეალი და სრულყოფის გზა გვამცნო თავად კრიშნამ ბჰაქტის ანუ სიყვარულის იოგას სახით, რაც გულისხმობს ღვთის სათნო ცხოვრებას ანუ მისი მცნებების კვალდაკვალ სვლას. ესენია: ღვთის სიტყვის სმენა, მის შესახებ ბაასი, მისი სახელის გალობით განდიდება, ვედრება და თაყვანისცემა, ქველმოქმედება, განდეგილობა, სულისა და გონების განსპეტაკება, რასაც თან სდევს მატერიალურ სურვილთაგან თავის დაღწევა, ფუფუნების, დიდების, სახელოვნების არად ჩაგდება. სამაგიეროდ – ღვთის სიყვარულის განვითარება და სამადჰი.

ბჰაქტის ანუ ღვთაებრივი სიყვარულის აღზრდისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა მაჰამანტრა, ე.ი. დიდი მანტრა. „მანტრა“ სანსკრიტზე ნიშნავს მარცვალს, სიტყვას, ფრაზას,

„მაჰამანტრა“ – დიდ, ზებუნებრივ სიტყვას, რომელსაც მისტიური და შთამაგონებელი ძალა აქვს. იქ, მინდობილთა რწმენით, არეკლილი და კოდირებულია აღნიშნული მოძღვრების სიღრმე. იგი მედიტაციის (სულიერი ჭვრეტის) საშუალებაა. მისი დახმარებით – ამ საგალობლის მარადის და „მოუკლებლად“ წართქმით – ინდივიდი მაღლდება წარმავალ სინამდვილეზე, აღწევს ექსტაზს და ნავარდობს წმიდა სულების სამფლობელოში ზეციურ პლანეტებს შორის. მაჰამანტრას თავისუფლების ანუ, ძველი ქართულით, გახსნილების დიად საგალობელს უწოდებენ:

„ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე, ჰარე რამა, ჰარე რამა,

რამა რამა, ჰარე ჰარე“.

„ჰარე“ ნიშნავს უფლის ენერგიას, კრიშნა და რამა კი უფლის, ღმერთის სახელებია (იხ. ზემ.). მათი წარმოთქმით მლოცველი იმოსება ღვთის ენერგიით, რითაც, შეიძლება ითქვას, თრგუნავს მაიად წოდებულ სამყაროს და შინაგან „მეს“ ამავე ენერგიის წყაროსთან აზიარებს. ეს წყარო კი ყველაზე ცხოვლად კაცთა წინაშე კრიშნასა და რამას სახით გაცხადდა. ამიტომაც ერთგულები ცხოვრებისა და შრომის ყოველ მონაკვეთზე წარმოთქვამენ მაჰამანტრას. ატარებენ კრიალოსნებს (ფსკვნილს), რომლის

108 კვანძი ასახიერებს კრიშნას 108 შეყვარებულ მწყემს ქალს. თითოეულ მძივთან იგალობება „მაჰამანტრა“. ამტკიცებენ, როდესაც პიროვნება ამგვარად ადიდებს ღვთაებრივ სახელს, თავისუფლდება ტკივილისაგან და განიცდის ექსტაზს ანუ აღტაცება-აღფრთოვანებას. ჩნდება ცეკვის მოთხოვნილება. ხშირად კი, თუ სათანადო პირობებია, – მარშისა ინსტრუმენტებით, სიმღერითა და როკვით ქუჩებსა და ბუნების წიაღში. ესაა კირტანა, სიტყვასიტყვით – გალობა. ამ რიტუალის საფუძველიაო, გვასწავლის პრაბჰუპადა, არჯუნას სიტყვები უზენაესი ბრაჰმანისადმი – კრიშნასადმი:

„სამყაროს უხარია შენი სახელის მოსმენა და ყველა შენ შემოგნატრის!“ ბოლო წლებში ქართველი კრიშნაიტების აქტიურობა შემცირდა.